კომაროველების ვიზიტი ცერნის სამეცნიერო ლაბორატორიაში
- 04 დეკემბერი, 2015
4 დეკემბერს შვეიცარიიდან დაბრუნდა “კომაროვის" სკოლის გუნდი, (სერგო პოლიაკოვი, მარიამ ჭილაია, ანა კოხრეიძე, ხელმძღვანელი: გიორგი ლომიძე) რომელმაც გაიმარჯვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გუნდურ კონკურსში "ტურნირი ფიზიკაში". გუნდს თან ახლდა მინისტრის მოადგილე ლ. გიგაური. მოსწავლეებმა მოინახულეს ცერნის სამეცნიერო ლაბორატორია (CMS და Atlas ექსპერიმენტები) მიიღეს ზოგადი ინფორმაცია ექსპერიმენტებში გამოყენებულ ხელსაწყოებსა და დანადგარების (დეტექტორების) მუშაობის შესახებ. ლექციებს კითხულობდა ინგლისურენოვანი გიდი და ცერნში მოღვაწე ქართველი მეცნიერი სოფო პატარაია. შეხვედრა შედგა ცერნში მომუშავე სხვა ქართველ მეცნიერებთანაც, რომელთა რაოდენობა საქართველოს მაშტაბის ქვეყნისთვის საამაყოდ დიდია (ამჟამად დაახ. 30) მათ შორის რამოდენიმე "კომაროვის" კურსდამთავრებულია, მეცნიერებმა მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილებები. გუნდმა ასევე მოინახულა ქართველი მეცნიერის ირაკლი მინაშვილის სამუშაო-სამეცნიერო ლაბორატორია, სადაც ჩაატარეს სასწავლო ექსპერიმენტი კოსმოსური ნაწილაკების აღრიცხვაზე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქ. ჟენევა.